English / ქართული / русский /
მაია გოგოხია
კომერციული ბანკების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შეფასების საკითხისათვის

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია საზღვარგარეთის პრაქტიკაში არასაფინანსო კომპანიებისა და ბანკების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შეფასებისათვის გამოყენებული სარეიტინგო (საინდექსო) მეთოდიკები, ასევე აკადემიურ ლიტერატურაში მოცემული ბანკების სოციალური პასუხისმგებლობის შეფასებისადმი ზოგიერთი საინტერესო მიდგომა. ხაზგასმულია, რომ მიზანშეწონილია მრავალფაქტორიანი მოდელის გამოყენება შემაჯამებელი რეიტინგის გამოთვლით ყოველი ბანკისათვის, რომელმაც უნდა მოიცვას შემდეგი მაჩვენებლები: ბანკების მიერ რეგულირების წესებისა და ნორმების დაცვა, ეთიკური პრინციპების კოდექსი, არაფინანსური ანგარიშგება, პასუხისმგებლიანი ფინანსური პროდუქტები, სოციალური ქცევა. 

საკვანძო სიტყვები:  ფინანსური ინსტიტუტები, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა,  ESG რისკების მართვა, სარეიტინგო (საინდექსო )მეთოდიკები. 

შესავალი 

გლობალური ფინანსური კრიზისიდან მიღებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისაა, რომ ფინანსური მარეგულირებლის მიერ თითოეული ცალკეული ფინანსური ინსტიტუტის მდგრადობის უზრუნველყოფა არასაკმარისია. ეს თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ფინანსური სისტემის როგორც მთლიანის, მდგრადობას [კრუგმანი პოლ რ.,ობსტფელდი მ., მელიტცი მარკ ჯ., 2017: 621]. საბანკო სისტემის ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფაქტორია, აუცილებელია სახელმწიფოს, ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, მათი თანამშრომლებისა და მომხმარებლების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის დაცვა [კვარაცხელია რ.,კიკალიშვილი ლ., 2020].

კლასიკური გაგებით, მენეჯერის ერთადერთი სოციალური პასუხისმგებლობა მოგების მაქსიმიზაციაა. ამ მიდგომის ყველაზე პირდაპირი პროპაგანდისტია ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი მილტონ ფრიდმენი. აღნიშნულთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობა ასახავს სოციალურ-ეკონომიკურ ხედვას, შეხედულებას, რომლის თანახმადაც მენეჯერის სოციალური პასუხისმგებლობა სცილდება მოგების გამომუშავებას და მოიცავს საზოგადოების კეთილდღეობის დაცვასა და გაუმჯობესებას [რობინსი სტეფენ პ.,კოულტერი მ., 2019: 155]. 

***

თანამედროვე მსოფლიოში ძნელად წარმოსადგენია ნორმალური რეპუტაციის კომპანია, რომელიც არ აქტიურობს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის რეაქციაა საზოგადოების შეცვლილ მოთხოვნებზე. ანალიტიკოსების შეფასებით, სოციალურად ორიენტირებული კომპანიების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან მზარდია ,,ზეწოლა“ ამ თვალსაზრისით სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან. პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ წარმატებული კომპანიები არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესით ინტერესდებიან, არამედ გლობალურ, სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვით პრობლემებზეც ახდენენ ზეგავლენას [ლექვინიძე ი., 2014].

საქართველოში დღეისათვის შემუშავებულია კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების თანმიმდევრული, თავსებადი და შედარებითი გამჟღავნების პრინციპები, რაც ემსახურება ფინანსური სექტორის მიერ ESG რისკების უკეთეს მართვასა და გამჭვირვალობის ზრდას. კორპორაციული მართვის კოდექსი კომერციული ბანკებისათვის ESG ანგარიშგებისა და ინფორმაციის გამჟღავნებაზე მოთხოვნებს აწესებს. ზემოაღნიშნული პრინციპების მიზანია, ბანკებს ამ მოთხოვნების შესრულებაში დაეხმაროს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ანგარიშგების ძირითადი პრინციპები მიაწოდოს [nbg.gov.ge].

ამასთანავე მიგვაჩნია, რომ უაღრესად აქტუალურია კომპანიების, მათ შორის ბანკების სოციალური პასუხისმგებლობის შეფასების მეთოდიკის შემუშავება, რისთვისაც ბოლო ათწლეულების მანძილზე არა ერთი მცდელობა განხორციელდა.

 დ. თურქერის ნაშრომში წარმოდგენილია სხვადასხვა მიდგომის მიმოხილვა [Turker D., Measuring corporate social responsibility: A scale development study // Journal of Business ethics. 2009. 85/4. P. 411-427], რომელთა შორისაა:

  • oრეპუტაციული ინდექსების გამოთვლა და მონაცემთა ბაზის ფორმირება მიღებული შედეგებით. ბაზა KLD (the kinder, Lydenberg and Domini Database) ინდექსი Fortune Index, სოციალური ინვესტიციების კანადური ბაზა (CSID) მისი მაგალითებია;
  • oერთ ან მრავალფაქტორიანი მოდელები;
  • oკონტენტანალიზი.

საზღვარგარეთის პრაქტიკაში არასაფინანსო კომპანიებისა და ბანკების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შეფასებისათვის ფართოდ გამოიყენება რეიტინგული (საინდექსო) მეთოდიკები. ცნობილია ისეთი უნივერსალური ინდექსები, როგორიცაა: FTSE 4 Good, DJSI, NASDAQ Social Index.

  Dow Jones Sustainability Index (DJSI) გამოითვლება 1999 წლიდან. მასში გაითვალისწინება კომპანიის საქმიანობის ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური მხარეები. გაანგარიშებაში ჩართულია დარგის ლიდერი კომპანიები (best-in-class approach). ანალოგიურია ინდექსი FTSE4 Good (გაზეთი Financial Times, LSE-თან ერთად).

 DJSI ოჯახის ინდექსები გამოითვლება როგორც ქულების შეწონილი ჯამი, ქულები კი ენიჭება ანკეტების კითხვებზე პასუხებით. წონათა მნიშვნელობა ყოველი კრიტერიუმისათვის დამოკიდებულია დარგზე, კრიტერიუმები გაერთიანებულია ბლოკებში:

  • oბიზნესის ეკონომიკური განზომილება (კორპორატიული მართვის პრაქტიკა, რისკ-მენეჯმენტის სისტემა და კლიენტებთან ურთიერთობების მართვა, ქცევის კოდექსების არსებობა და შინაარსი, ბრენდისა და საწარმოო ჯაჭვის მართვა, საგადასახადო სტრაგეტია, საკუთრების დაცვა);
  • oსოციალური განზომილება: არასაფინანსო ანგარიშგება, პერსონალის მართვა და ადამიანის უფლებათა დაცვა, ადამიანისეული კაპიტალის განვითარება, ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვა და შენარჩუნება, ქველმოქმედება, შრომის ჰიგიენა, დაინტერესებულ პირთა ფართო წრესთან ურთიერთქმედება.

დიდი ავტორიტეტით სარგებლობს რეიტინგები, მინიჭებული MSGI და EIRIS-ის მიერ[https:/www.msci.com/esg-indexes,http:/www.eiris.org/asset-managers/products services/sustainability-ratings]. კრიტერიუმები დაყოფილია სამ ჯგუფად: გარემო (მნიშვნელობა 50%), სოციალური საქმიანობა (30%) და კორპორატიული მართვა (20%). DJSI-გან განსხვავებით შეფასების მეთოდიკა არ არის გახსნილი. ინდექსები უნივერსალურია და არ ითვალისწინებს საბანკო საქმიანობის სპეციფიკას.

საზღვარგარეთის აკადემიურ ლიტერატურაში გვხვდება რიგი პუბლიკაცია, სადაც მოცემულია ბანკების სოციალური პასუხისმგებლობის შეფასების მეთოდიკები.

ყურადღებას იმსახურებს იტალიელი ეკონომისტების ჯგუფის ნაშრომი, რომელშიც შემოთავაზებულია საკუთარი მრავალფაქტორიანი მოდელი [Birindelli Giuliana, Ferreti Paola, Intoni Mariantonietta, Ianuzzi Antonia. On the drivers of corporate social responsibility in banks: evidence from an ethical rating model//Journal of management & Governance. May 2015, Vol. 19. Issue 2. p. 303-340]. ის გვაგონებს ზემოთ აღნიშნულ საინდექსო მეთოდებს. მაგრამ იტალიელი მეცნიერების მიერ შემოთავაზებული ინდექსი უფრო მარტივია და გამოითვლება ღია ინფორმაციის საფუძველზე. მეთოდიკა მოიცავს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის 4 მიმართულებას და ამოწმებს ბანკის საქმიანობას 48 მაჩვენებლის მიხედვით (ყოველ მათგანს შეიძლება მიენიჭოს 0 ან 1 ქულა, რაც შეესაბამება პასუხებს - დიახ ან არა). გათვალისწინებულია საბანკო საქმიანობის სპეციფიკა: ცალკე ფასდება სპეციალური საბანკო პროდუქტების არსებობა, რომლებსაც აქვს სოციალური ეფექტი (მიკროდაკრედიტება, მიგრანტების მომსახურება, რესურსების მოძიება არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, საგანმანათლებლო კრედიტები, ინსტრუმენტები ახალგაზრდობის მხარდასაჭერად, ფინანსური წიგნიერების ასამაღლებელი პროექტები და ა.შ.).

ამგვარად, კრიზისისათვის დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ძველი მოდელების ნაცვლად აიგება ახალი [გოგოხია მ., 2020: 106]. ბოლო წლების ფინანსურმა კრიზისებმა წინა პლანზე წამოწია ფულად-საკრედიტო ინსტიტუტების და მათ შორის, პირველ ყოვლისა ბანკების ქცევის ეთიკური პრინციპები, ვინაიდან მთელი მათი საქმიანობა არსებით გავლენას ახდენს საზოგადოებისა და გარემოს მდგომარეობაზე. 

დასკვნა 

საზღვარგარეთის გამოცდილების გათვალისწინებით და ქართული რეალობის მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მრავალფაქტორიანი მოდელის გამოყენება შემაჯამებელი რეიტინგის გამოანგარიშებით ყოველი ბანკისათვის. მეთოდიკამ უნდა მოიცვას მაჩვენებელთა შემდეგი ჯგუფები: ბანკების მიერ რეგულირების წესებისა და ნორმების დაცვა, ეთიკური პრინციპების კოდექსი, არაფინანსური ანგარიშგება.

ქართული კომერციული ბანკებისათვის სოციალური პასუხისმგებლობის მიხედვით მინიჭებული რეიტინგები, ფართო საზოგადოებას, მათ შორის ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს განსაზღვრონ კონკრეტული ბანკის მისია, მისი განსხვავება და უპირატესობა სხვა ბანკებთან შედარებით, რაც საფუძვლად დაედება გადაწყვეტილებას ბანკებთან პარტნიორული ურთიერთობების თაობაზე და გაზრდის ნდობას საბანკო სისტემისადმი. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. გოგოხია მ. 2020, საბანკო საქმიანობის სრულყოფის მიმართულებები თანამედროვე ეტაპზე, ,,ეკონომიკა და ბიზნესი“, ტ. XII, №3.
  2. კრუგმანი პოლ რ., ობსტფელდი მ., მელიტცი მარკ ჯ., 2017. საერთაშორისო ეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა, მეათე ინგლისური გამოცემის ავტორიზებული თარგმანი. თბილისი. თსუ-ის გამომცემლობა.
  3. კვარაცხელია რ., კიკალიშვილი ლ., 2020. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა თანამედროვე საბანკო სისტემის ფინანსური სტაბილურობისათვის. ,,ეკონომიკა - XXI საუკუნე“, conferenceconomics.tsu.ge.
  4. ლექვინიძე ი., ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში, 2014. Forbes.ge.
  5. რობინსი სტეფენ პ., კოულტერი მ., 2019. მენეჯმენტი. მეთორმეტე ინგლისური გამოცემის ავტორიზებული თარგმანი. თბილისი. თსუ-ის გამომცემლობა.
  6. www.nbg.gov.ge